ფეხბურთი | გიორგი არაბიძე ქუთაისის „ტორპედომ“ ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT
გიორგი არაბიძე ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნდა – ტრანსფერი ქუთაისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 1+2 სისტემით გააფორმა, რაც კლუბის მხრიდან ხელშეკრულების გაგრძელების ოფციას ითვალისწინებს.
გიორგი არაბიძე 7 წლის ასაკიდან „ლოკომოტივის“ აკადემიაში ვარჯიშობდა. 2015 წლის ივნისში დონეცკის „შახტარში“ ჩაირიცხა, რომლის ფორმითაც უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე შთამბეჭდავი თამაშები ჩაატარა. მერე იყო პორტუგალიური „ნასიონალი“ და ვოლგოგრადის „როტორი“.
27 წლის შემტევი ნახევარმცველი „ტორპედოში“ 2022-2024 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში ქუთაისური კლუბის მაისურით 86 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა. მეორე სეზონში არაბიძე 14 გოლით „ტორპედოს“ ბომბარდირი გახდა, ხოლო ეროვნულ ლიგაში წლის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა და სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
2024 წლის ივლისში არაბიძე სამხრეთ კორეის „ულსანში“ გადავიდა, სადაც ყველა ტურნირზე ათი თამაში ჩაატარა და ლიგის თასის მფლობელი გახდა. საბოლოოდ, კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო სასამართლო დავით ხელშეკრულება გაწყვიტა.
2017 წელს არაბიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი ლატვიის წინააღმდეგ ამხანაგურ თამაშში პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ მას შემდეგ „ჯვაროსნებში“ აღარ მიუწვევიათ.