ფეხბურთი | გიორგი აბუაშვილმა და გიორგი წიტაიშვილმა „მეცის“ რიგებში ითამაშეს #1TVSPORT
გიორგი აბუაშვილისა და გიორგი წიტაიშვილის „მეცი“ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში სტუმრად „ანჟერთან“ მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.
მე-9 წუთზე „მეცის“ კოტ დ’ივუარელი ნახევარმცველი ჟან-ფილიპ გბამინი მოედნიდან გააძევეს. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ სტუმრებს თამაშის კონტროლი გაუჭირდათ და მასპინძლებმა უპირატესობა 25-ე წუთზე გამოიყენეს – გადამწყვეტი გოლი ლუი მიტონმა გაიტანა.
ქართველ ლეგიონერებს შორის გიორგი წიტაიშვილმა სრული მატჩი ჩაატარა, გიორგი აბუაშვილი კი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა.
20 ტურის შემდეგ დაგროვებული 12 ქულით „მეცი“ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გუნდი საკუთარ მოედანზე „ლილის“ წინააღმდეგ გამართავს – მატჩი 6 თებერვალს შედგება.