ფეხბურთი | გერმანული გამოცემა - „ჰამბურგი“ გოჩოლეიშვილის ტრანსფერს, დიდი ალბათობით, არ გამოისყიდის - ქართველი მცველი „შახტარში“ დაბრუნდება #1TVSPORT
„ჰამბურგი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, დიდი ალბათობით, გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერს არ გამოისყიდის და ფეხბურთელი დონეცკის „შახტარში“ დაბრუნდება – ამის შესახებ გამოცემა Nur die Raute-ი წერს.
„სატრანსფერო პერიოდში „ჰამბურგმა“ ფეხბურთელები იჯარით დაიმატა, რამდენიმე მათგანის კონტრაქტი ტრანსფერის გამოსყიდვის ოფციას ითვალისწინებდა.
გიორგი გოჩოლეიშვილმა სეზონი კარგად დაიწყო, ძირითად შემადგენლობაში ხშირად ხვდებოდა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. „ჰამბურგის“ ბოლო თერთმეტი თამაშიდან სასტარტო შემადგენლობით მხოლოდ ერთხელ მოხვდა. როგორც ჩანს, ქართველი მცველი, უილიამ მიკელბრენსისა და ბეიკერ ჯატას შემდეგ, მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მხოლოდ მესამე ვარიანტია.
გოჩოლეიშვილს მონდომება არასდროს აკლია, მაგრამ ქართველი ბოლო დროს დამაჯერებელი აღარ არის და ფიზიკური მომზადების მხრივაც პრობლემები აქვს. „ლევერკუზენთან“ 0:1 წაგებულ მატჩში კი მოედანზე ცოტა დათრგუნულად გამოიყურებოდა.
აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სეზონის ბოლოს „ჰამბურგმა“ მისი ტრანსფერი ოთხ მილიონ ევროდ გამოისყიდოს, გოჩოლეიშვილს ზაფხულში ალბათ „შახტარში“ დაბრუნება მოუწევს“.