ფეხბურთი | გაზეთ „სარბიელის“ ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT
გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგად, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიგახდა – ინფორმაციას გამოცემა აქვეყნებს.
საქართველოს 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეული ასეთია:
1. ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი) – 232 ქულა
2. გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი) – 96 ქულა
3. გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი) – 61 ქულა
„სარბიელის“ ტრადიციულ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელია პირველ ადგილზე 78-დან 77-მა სპორტულმა ჟურნალისტმა დაასახელა, საქართველოს ნაკრების ლიდერი მხოლოდ ერთი ჟურნალისტის ანკეტაში მოხვდა მე-3 პოზიციაზე. კვარაცხელიასთვის ეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის მესამე ტიტულია, რითაც გაუთანაბრდა შოთა არველაძეს.
პსჟ-ის ქართველ ვარსკვლავს მოქანდაკეების – ლევან ვარდოსანიძისა და თემურ ლომიძის მიერ დამზადებული ექსკლუზიური პრიზი (იასონ კვირკველიას ფიგურა კინოფილმიდან – „პირველი მერცხალი“) უახლოეს მომავალში გადაეცემა.
კვარაცხელიამ სეზონი „ნაპოლიში“ დაიწყო და 2025 წლის იანვირდან პსჟ-ში გააგრძელა. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონატები, ევროპის სუპერთასი, საფრანგეთის თასი და საკონტინენტთაშორისო თასი. გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალებში.
ამავე დროს, მე-12 ნომრად იყო დასახელებული „ფრანს ფუტბოლის“ მიერ ორგანიზებულ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში.
გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვა 1992-1993 წლების სეზონიდან ტარდება. 2008-2018 წლებში იყო 10-წლიანი წყვეტა. გამოკითხვა 2018 წელს აღდგა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება.
საუკეთესო ფეხბურთელის გარდა, 2024-2025 წლების სეზონის ნაკრების საუკეთესო დებიუტანტიც დასახელდა – უდიდესი უპირატესობით იტალიური „უდინეზეს“ მცველმა საბა გოგლიჩიძემ გაიმარჯვა.
ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის ჯილდო ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ალექსანდრე ჩივაძემ მიიღო, რომელიც პრიზის რიგით მესამე ლაურეატია – აქამდე ეს ჯილდო მანუჩარ მაჩაიძესა და მურთაზ ხურცილავას გადაეცათ.