ფეხბურთი | გამოცემა GiveMeSport-მა ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს 15 საუკეთესო გარემარბს შორის მეხუთე ადგილზე დაასახელა #1TVSPORT
პოპულარულმა ინტერნეტგამოცემამ, GiveMeSport-მა ფეხბურთში მსოფლიოს 15 საუკეთესო გარემარბი დაასახელა. საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მეხუთე ადგილზე გავიდა.
გამოცემამ ფეხბურთელთა კლასიფიკაციისთვის რამდენიმე ინდიკატორს მიაქცია ყურადღება – გოლები, საგოლე გადაცემები, საკლუბო და სანაკრებო წარმატება, დასამახსოვრებელი მომენტები, მნიშვნელობა გუნდისთვის.
„„ნაპოლიმ“ შესანიშნავად იმუშავა და ხვიჩა კვარაცხელია გარკვეული დროით შეინარჩუნა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ყველაზე გავლენიან კლუბებს ქართველი ვარსკვლავი ძალიან მოეწონათ, მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის შედგებოდა ტრანსფერი – საბოლოოდ, კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.
2022/23 წლების სეზონში კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა „ნაპოლის“ ისტორიულ ჩემპიონობაში – 34 მატჩში 25 საგოლე მოქმედება (გოლი და საგოლე გადაცემა ერთად) დაუგროვდა. შემდეგ სეზონში სტატისტიკა ოდნავ დაეცა, თუმცა საფრანგეთში კარიერა საოცრად დაიწყო.
მას აქვს შესანიშნავი დრიბლინგი, მარტივად ახერხებს მეტოქეების დაბნევას და პრესინგიდან თავის დაღწევას, თითქოს ეს მისთვის ბუნებრივი რამ იყოს. სისწრაფისა და შედეგიანობის ეს შთამბეჭდავი კომბინაცია სრულად გამოჩნდა გასულ სეზონში, როცა პსჟ-თან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კვარაცხელიას თამაშში იგრძნობა რაღაც გარდაუვალი – ისეთი განცდა ჩნდება, თითქოს ყოველთვის შეძლებს რამე მნიშვნელოვანის გაკეთებას. სწორედ ის იყო პსჟ-ის ევროპული წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი“, – წერს გამოცემა ქართველი ფეხბურთელის შესახებ.

მსოფლიოს 15 საუკეთესო გარემარბი GiveMeSport-ის მიხედვით:
15. ნიკო უილიამსი („ბილბაო“/ესპანეთის ნაკრები)
14. რაფაელ ლეაო („მილანი“/პორტუგალიის ნაკრები)
13. მარკუს რაშფორდი („ბარსელონა“/ინგლისის ნაკრები)
12. ქენან ილდიზი („იუვენტუსი“/თურქეთის ნაკრები)
11. ბრედლი ბარკოლა (პსჟ/ საფრანგეთის ნაკრები)
10. როდრიგო („რეალი“/ბრაზილიის ნაკრები)
9. დეზირე დუე (პსჟ, საფრანგეთის ნაკრები)
8. მაიკლ ოლისე („ბაიერნი“/საფრანგეთის ნაკრები)
7. ბუკაიო საკა („არსენალი“/ინგლისის ნაკრები)
6. ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“/ბრაზილიის ნაკრები)
5. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ/საქართველოს ნაკრები)
4. რაფინია („ბარსელონა“/ესპანეთის ნაკრები)
3. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“/ეგვიპტის ნაკრები)
2. ლამინ იამალი („ბარსელონა“/ესპანეთის ნაკრები)
1. უსმან დემბელე (პსჟ/საფრანგეთის ნაკრები)