ფეხბურთი | გამოცემა „ეკიპი“ - ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენისთვის“ შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა #1TVSPORT
ფეხბურთი | გამოცემა „ეკიპი“ - ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენისთვის“ შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა #1TVSPORT

ლუის ენრიკეს გაწვრთნილი „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ხვიჩა კვარაცხელია შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა, გუნდის თავდამსხმელებს შორის მას ყველაზე ხშირად ათამაშებენ“, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დიდ შეხვედრებში ყოველთვის ახერხებს თავის გამოჩენას.

„როდესაც ლუის კამპუში (პსჟ-ის სპორტული დირექტორი) ტრანსფერებსა და გუნდის ფორმირებაზე საუბრობს, ხშირად ახსენებს სიტყვა „ფაზლს“. საჭირო ფეხბურთელების შერჩევა, მათი როლების სწორად განსაზღვრა და ნათელი იდეების დანერგვა ის პრინციპებია, რომლებზეც 2023 წლიდან, კამპუშისა და ლუის ენრიკეს კლუბში მოსვლის შემდეგ პროექტი აიგო. ამ კონცეფციის ნაწილი იყო 2025 წლის იანვარში განხორციელებული ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიც.

პარიზულ კლუბს შეტევითი პოტენციალის გაზრდა სურდა, თუმცა პარალელურად გასათვალისწინებელი იყო, როგორ იმოქმედებდა ეს ნაბიჯი ბრედლი ბარკოლას როლზე. ერთი წლის შემდეგ აშკარაა, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შედეგი გამოიღო. „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი სწრაფად მოერგო ახალ გარემოს.

ლუის ენრიკესთვის კვარაცხელია შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა – 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 46 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, 3 870 წუთი ითამაშა და პსჟ-ის ყველაზე ხშირად გამოყენებად შემტევად იქცა. ტრავმები მას არ ჰქონია, თუმცა დატვირთული კალენდრის ფონზე დაღლილობა უკვე შესამჩნევია.

„ლილთან“ შეხვედრაში ენრიკე კვარასგან პრესინგში მეტ აქტიურობას ითხოვდა, თუმცა ლოგიკურია კითხვა – შეუძლია თუ არა მას ამ ეტაპზე მაქსიმალური ინტენსივობის შენარჩუნება. შემთხვევითი არ არის, რომ „სპორტინგთან“ მატჩში ხვიჩა სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა მოედანზე შესვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო.

ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ის მაისურით დებიუტის შემდეგ კვარაცხელიამ 6 გოლი გაიტანა – საუკეთესო შედეგი ვიტინიასა და დეზირე დუესთან ერთად. საგოლე მოქმედებების რაოდენობით კი ქართველს (10) მხოლოდ უსმან დემბელე უსწრებს (5 გოლი და 6 ასისტი).

დაცვით ფაზაში მისი თამაში სოციალურ ქსელებში ხშირად ხდება კრიტიკის საგანი, თუმცა პრესინგის მაჩვენებლებით კვარაცხელია პსჟ-ის შემტევებს შორის მეექვსე ადგილზეა. ანალოგიური პოზიცია უკავია ბურთის დაბრუნების სტატისტიკაშიც – საშუალოდ 2.8 წარმატებული დაბრუნება მატჩში. ეს მონაცემები ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ სხვადასხვა შეხვედრაში ქართველს განსხვავებული ფუნქციები აქვს დაკისრებული.

ხვიჩა დიდი მატჩების ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში მას 3 გოლი აქვს გატანილი – ზუსტად იმდენივე, რამდენიც ჩემპიონთა ლიგაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში 10 მატჩით მეტში მიიღო მონაწილეობა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მისი პოტენციალი ჯერ ბოლომდე არ არის ამოწურული, თუმცა უკვე დღეს ნათელია – კვარაცხელია პარიზული „ფაზლის“ ერთ-ერთ მთავარ და შეუცვლელ ნაწილად ჩამოყალიბდა“, – წერს გამოცემა.