ფეხბურთი | გაგა კირკიტაძემ უნიკალური დუბლი შეასრულა - ის პირველი ქართველი მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს თასი მამაკაცების და ქალთა გუნდებმა მოიპოვეს #1TVSPORT
საქართველოს თასის ფინალში ქალ ფეხბურთელთა შორის კლუბმა „ნიკე-ლუსომ“ „კვარტალი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამ შედეგით გუნდის მთავარი მწვრთნელი გაგა კირკიტაძე უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა.
38 წლის კირკიტაძე პირველი ქართველი მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს თასი როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა გუნდებმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა შორის მან ეს ტიტული 2020 წელს „გაგრასთან“ ერთად მოიგო, როდესაც ფრედ (0:0) დასრულებული ფინალური მატჩის შემდეგ პენალტების სერიაში წყალტუბოს „სამგურალი“ 5:3 დაამარცხა.
რაც შეეხება ახლანდელ ტრიუმფს, კირკიტაძის ხელმძღვანელობით „ნიკე-ლუსო“ საქართველოს თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა. მანამდე გუნდმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა, რითიც სეზონი დაუმარცხებლად დაასრულა და „ოქროს დუბლი“ შეასრულა.