ფეხბურთი | ესპანური გამოცემა – „რასინგის“ სპორტული დირექტორი გულიაშვილის ტრანსფერში არ შემცდარა #1TVSPORT

13:59, 03.03.2026

გიორგი გულიაშვილის ტრანსფერი სანტანდერისრასინგის“ სპორტული დირექტორის, ჩემა არაგონის მორიგი წარმატებული გარიგებაა – თუ როგორ აღმოაჩინეს ქართველი თავდამსხმელი, ამის შესახებ საინტერესო წერილი პოპულარულ ესპანურ გამოცემა AS-ში გამოქვეყნდა.

გიორგი გულიაშვილის ტრანსფერი – ჩემა არაგონის კიდევ ერთი წარმატება „რასინგში

„სანტანდერისრასინგის“ სპორტული დირექტორი ჩემა არაგონი ბოსნიაში თავის ერთ-ერთ ყოფილ ფეხბურთელს აკვირდებოდა, როდესაც „სარაევოში“ უცნობი ქართველი თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი აღმოაჩინა.

გულიაშვილის ტრანსფერს გულშემატკივრები თავიდან არაერთგვაროვნად შეხვდნენ, მათ უკვირდათ, რაში სჭირდებოდა გუნდს ბოსნიაში მოთამაშე უცნობი ქართველი, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ სპორტული დირექტორი არ შემცდარა. გულიაშვილის ტრანსფერს გიორგი ქოჩორაშვილიც გამოეხმაურა და მეგობარი გაამხნევა, რომელმაც უშუალო კონკურენტთან, „კასტელონთან“ მატჩში ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

გუნდის მესამე მწვრთნელს, ენრიკ სორიანოს ქოჩორაშვილმა ​(რომელსაც „ლევანტეში“ მწვრთნელობის დროიდან იცნობს) უთხრა, რომ, სათამაშო და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, გულიაშვილი ლა ლიგა 2-ის ლიდერისთვის სასურველი შენაძენი იქნებოდა.

კასტელონთან“ მისი დუბლი  და საგოლე გადაცემა „რასინგს“ ლა ლიგა 2-ში კონკურენტთან უპირატესობის გაზრდაში დაეხმარა – ეს ქართველის ფასს ზრდის, უშუალო კონკურენტთან დუბლი ცუდი ნამდვილად არ იყო.

როგორ აღმოჩნდა გულიაშვილი „რასინგში“? ჩემა არაგონის დამსახურებით. კლუბის სპორტული დირექტორი ბევრ თამაშს უყურებს. 2019 წელს „მირანდესში“ მცველი სიმონ ბენიო მიიყვანა, მაგრამ ესპანეთში ფეხბურთელის კარიერა სათანადოდ ვერ წარიმართა (მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა) და ის „დინამო თბილისში“ გადავიდა.

არაგონი ბენიოს კვლავ აკვირდებოდა და როდესაც საქართველოს ჩემპიონატში „დინამო თბილისი“ „საბურთალოს“ (ახლანდელი „იბერია 1999“) შეხვდა, იმ გუნდში ამჟამად „კადისის“ ფეხბურთელი იური ტაბატაძე და გიორგი გულიაშვილი თამაშობდნენ.

რამდენიმე სეზონის შემდეგ არაგონმა ქართველი კვლავ ნახა – ამჯერად უკვე „სარაევოში“. მისი შეძენა გასულ ზაფხულსაც სცადეს, მაგრამ მაშინ ბოსნიური კლუბის მიერ შეთავაზებული პირობები „რასინგისთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა. თუმცა ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელის აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა კლუბს აცნობა, რომ „სარაევოს“ მოთხოვნები შეიცვალა – „რასინგის“ ხელმძღვანელობა მოქმედებაზე გადავიდა და საბოლოოდ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა“.

მსგავსი