ფეხბურთი | ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე – საქართველო თავს გამართულად და თავდადებით იცავდა, მეკარე კი შესანიშნავად თამაშობდა #1TVSPORT
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოსთან მოპოვებული გამარჯვების (2:0) შესახებ ისაუბრა.
„დანაკლისის მიუხედავად, საბედნიეროდ, ესპანეთში ძლიერი საფეხბურთო აკადემიური სისტემა გვაქვს, საიდანაც მუდმივად გამოდიან მაღალი დონის მოთამაშეები. ეს ჩვენი ქვეყნის სიამაყეა და მიხარია, რომ ასეთ შესანიშნავ გუნდს ვხელმძღვანელობ.
რა თქმა უნდა, მეტის გატანის შანსიც გვქონდა. ზოგს ჰგონია, რომ 5:0 ან 6:0 უნდა მოგვეგო, მაგრამ ეს მარტივი არ არის. საქართველო თავს გამართულად და თავდადებით იცავდა, მეკარე კი შესანიშნავად თამაშობდა. ასეთი ანგარიშით მოსაგებად იდეალური თამაში გჭირდება. პენალტები უკეთესად უნდა შევასრულოთ. ოიარსაბალმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა დარტყმა ფერან ტორესს გადააბარა – ჩვენს გუნდში რამდენიმე ფეხბურთელია, ვისაც პენალტის შესრულება შეუძლია.
იამალისა და უილიამსის არყოფნისას შევარჩიეთ სხვა ტიპის გარემარბები და ვფიქრობ, მათ გაამართლეს. თითოეულ პოზიციაზე მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს. ვიცოდით, რომ საქართველო კონტრშეტევებზე ძალიან საშიშია, ეს ევროპის ჩემპიონატზეც დავინახეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა პრობლემები შეგვიქმნეს. ამიტომაც მთავარი მიზანი იყო თამაშის კონტროლი ასეთ ეპიზოდებში და ეს დავალებაც წარმატებით შევასრულეთ“, – განაცხადა დე ლა ფუენტემ.
საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს სტუმრად თურქეთთან ჩაატარებს. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ ეთერში პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.