ფეხბურთი | ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან უკრაინას, შესაძლოა, ახალმა მწვრთნელმა უხელმძღვანელოს #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან უკრაინის ეროვნულ გუნდს, შესაძლოა, სერგეი რებროვის ნაცვლად სხვა მთავარმა მწვრთნელმა უხელმძღვანელოს – ამის შესახებ გამოცემა sport.ua წერს. გამოცემის ცნობით, სერგეი რებროვმა, შესაძლოა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს და კარიერა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელოს, სადაც ადრეც მუშაობდა.
„უკრაინის ნაკრებთან ჩემი კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატამდე იწურება. თუ ამ ტურნირზე მოვხვდით, გუნდში აუცილებლად დავრჩები, სხვა შემთხვევაში ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან დამიკავშირდნენ და სოლიდურ ანაზღაურებას მთავაზობენ, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, იქ დაბრუნება ჯერ არ მსურს, რადგან უფრო მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა მინდა“, – განაცხადა რებროვმა.
2021-23 წლებში უკრაინელი სპეციალისტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში „ალ აინს“ წვრთნიდა, რომელთან ერთადაც ჩემპიონატის ოქროს მედალი და არაბთა გაერთიანებულ საამიროების თასი მოიგო.
ამჟამად რებროვი უკრაინის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალისთვის ამზადებს, სადაც უკრაინელები 26 მარტს შვედეთს დაუპირისპირდებიან.