ფეხბურთი | „დინამო თბილისი“ სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე ირაკლი აზაროვის „შახტართან“ დამარცხდა #1TVSPORT
სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მყოფმა „დინამო თბილისმა“ თურქეთში პირველი ამხანაგური შეხვედრა დონეცკის „შახტართან“ გამართა და 2:7 დამარცხდა.
ანტალიაში გამართული მატჩი თანაბრად მხოლოდ პირველ ტაიმში მიმდინარეობდა. ანგარიში მე-2 წუთზე თბილისელებმა გიორგი ხარებაშვილის ზუსტი დარტყმით გახსნეს, თუმცა მოგვიანებით უკრაინული კლუბის უპირატესობა გამოიკვეთა – კაუა ელიასის (18) და უგრეხელიძის ავტოგოლის (23) შემდეგ „შახტარი“ დაწინაურდა.
შესვენებამდე ბარნს ოსეიმ (42) წონასწორობა აღადგინა, თუმცა მეორე ტაიმში „შახტარმა“ ხუთი უპასუხო გოლი გაიტანა.
დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ირაკლი აზაროვი, რომელიც შესვენების შემდეგ შეცვალეს.
ლადო კაკაშვილის გუნდი თურქეთში 18 თებერვლამდე მოემზადება. „დინამო თბილისს“ კიდევ ოთხი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი – შემდეგი მეტოქე ლატვიური „აუდა“ იქნება.