ფეხბურთი | ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი ზარიამ მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ ითამაშა #1TVSPORT
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი გიორგი ზარიას „კაირატმა“ სტუმრად მილანის „ინტერთან“ გამართა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის წინააღმდეგ ყაზახური გუნდის განაცხადში იყო და შეხვედრაში მეორე ტაიმში, 76-ე წუთზე ჩაერთო. მან ანალიტიკური ვებგვერდებისგან 6.5 შეფასება დაიმსახურა.
„ინტერის“ მხრიდან გოლები ლაუტარო მარტინესმა და კარლოს აუგუსტომ გაიტანეს, ხოლო „კაირატის“ რიგებიდან თავის გამოჩენა ოფრი არადმა მოახერხა.
ზარიას გუნდს ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე 4 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს და 34-ე ადგილზეა, შემდეგ მატჩს „კაირატი“ 26 ნოემბერს სტუმრად „კოპენჰაგენთან“ ჩაატარებს.
ჩემპიონთა ლიგაზე თავისი შეხვედრა ჩაატარა გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ და სტუმრად კვიპროსის „პაფოსთან“ 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ესპანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.
„ვილიარეალი“ ერთი ქულით 32-ე ადგილზეა და შემდეგი მატჩი 25 ნოემბერს „დორტმუნდთან“ ელის.