ფეხბურთი | ჩაკვეტაძე ბოლო წუთზე შეცვალეს - „უოტფორდმა“ გასვლაზე „ლესტერი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის შემდეგ პირველად ჩაატარა თითქმის სრული მატჩი (90-ე წუთზე შეცვალეს) „უოტფორდში“, რომელიც „ლესტერს“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
„ლესტერმა“ ანგარიში მატჩის დასაწყისში გახსნა – მე-7 წუთზე გოლი ჯორდან ჯეიმსმა გაიტანა.
„უოტფორდის“ მაროკოელმა თავდამსხმელმა ოთმან მაამამ შესვენებამდე (45-ე წუთზე) წონასწორობა აღადგინა, ხოლო 65-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მცველმა, მეტიუ პოლოკმა სტუმრები წინ გაიყვანა.
ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ორჯერ თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ საგოლე გადაცემებით ლუკა კიერუმგორმა და ნესტორ ირანკუნდამ ვერ ისარგებლეს.
23 ტურის შემდეგ „უოტფორდმა“ 35 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა.