ფეხბურთი ბრუნდება - ევროპაში მატჩების განახლების კონკრეტული თარიღები გაჩნდა
ფეხბურთი ბრუნდება - ევროპაში მატჩების განახლების კონკრეტული თარიღები გაჩნდა

საფეხბურთო სამყაროდან პოზიტიური ამბების გავრცელება დაიწყო. თანდათან ჩნდება კონკრეტული თარიღები – როდის შეიძლება განახლდეს საფეხბურთო სეზონი სხვადასხვა ქვეყანაში.

ესპანეთის ჩემპიონატში ელოდებიან, რომ მატჩები დაახლოებით ოთხ კვირაში დაიწყება. მეზობელ პორტუგალიაში კი უკვე არის ლიგის განახლების კონკრეტული თარიღი – 30 მაისი. ამის შესახებ საზეიმოდ გამოაცხადა ქვეყნის პრემერმინისტრმა ანტონიო კოშტამ. იქ თასსაც დაასრულებენ – სათამაშო დარჩა მხოლოდ ფინალი „პორტუსა“ და „ბენფიკას“ შორის. ორივე გუნდმა 4 მაისს განაახლა ვარჯიშები.

თუმცა, პორტუგალიელები არ იქნებიან პირველები, რომლებიც ჩემპიონატს განაახლებენ. დანიელები და პოლონელები რესტარტს აპირებენ 29 მაისს, ჩეხები – 25 მაისს, ხოლო ბუნდესლიგაში 15 მაისს დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია. გერმანელები ყველაფერი გაარკვევენ 6 მაისს, როცა ქვეყნის კანცლერი ანგელა მერკელი მინისტრებს შეხვდება.

იტალიაში ამ კვირიდან ნებადართულია ინდივიდუალური ვარჯიშები, 18 მაისიდან – გუნდური. ოცივე კლუბმა ხმა მისცა სეზონის დასრულებას.

რაც შეეხება ინგლისს, პრემიერლიგამაც გამოთქვა სეზონის დასრულების სურვილი. კლუბებს შეატყობინეს, რომ ეს მოხდება ნეიტრალურ მინდვრებზე. როგორ აეწყობა განრიგი, ჯერჯერობით უცნობია. გაჩნდა ინფორმაცია „უემბლიზე“ ან სულაც ავსტრალიაში თამაშზე.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატები აღარ დასრულდება საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და არგენტინაში.