ფეხბურთი | „ბარსელონამ“ „ბილბაო“ დიდი ანგარიშით დაამარცხა და ზედიზედ მეოთხედ გავიდა ესპანეთის სუპერთასის ფინალში [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის სუპერთასის პირველი ფინალისტი გახდა „ბარსელონა“, რომელმაც საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში პირველ ნახევარფინალში 5:0 დაამარცხა „ბილბაო“. კატალონელები ზედიზედ მეოთხედ გავიდნენ ესპანეთის სუპერთასის ფინალში.
22-ე წუთზე „ბარსელონა“ წინ ფერან ტორესმა გაიყვანა, 30-ე წუთზე უპირატესობა ფერმინ ლოპესმა გაზარდა, ოთხ წუთში მესამე გოლი რუნი ბარდაგჯიმ გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში კი დუბლი შეასრულა რაფინიამ, რომელსაც ამ შეხვედრაში 2+1 ჰქონდა. ასევე სამ-სამი შედეგიანი მოქმედება ჩაიწერეს აქტივში ფერმინმა და ბარდაგჯიმ (1+2).
„ბარსელონამ“ ზედიზედ მეცხრე ოფიციალური მატჩი მოიგო (ბურთების შეფარდება – 26:6) და ზედიზედ მეხუთედ „მშრალად“ შეინახა კარი.
კატალონელთა მეტოქე ფინალში გაირკვევა 8 იანვარს, როცა მეორე ნახევარფინალში „რეალი“ „ატლეტიკოს“ შეხვდება. ფინალი 11 იანვარს გაიმართება.