ფეხბურთი | ბაჩანა ცხადაძე – 2026 წლიდან „რუსთავს“ ექნება თანამედროვე აკადემია, ეროვნულ ლიგაში კი მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ #1TVSPORT

11:30, 28.11.2025

საფეხბურთო კლუბის, „რუსთავის“ დირექტორმა, ბაჩანა ცხადაძემ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაზე, ასევე ახალი სეზონის გეგმებსა და სიახლეებზე კომენტარი გააკეთა.

„რუსთავმა“ ლიგა 2-ის 33-ე ტურში „დინამო 2“ 3:0 დაამარცხა და 68 ქულა დააგროვა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, „სპაერმა“ „სიონთან“ ასევე 0:3 წააგო და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, 61 ქულით, პირველ ადგილზე გასვლის შანსი დაკარგა.

„კლუბის დირექტორად მუშაობის ოთხი წლის შემდეგ ეს „რუსთავის“ თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა – საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონობა.

ურთულესი გზა გავიარეთ – დაქვეითება ლიგა 3-ში, შემდეგ დაბრუნება ლიგა 2-ში, ეროვნული ლიგის საგზურისთვის წაგებული პლეი ოფის მატჩი. ეს და კიდევ უამრავი პრობლემა და გამოწვევა დავძლიეთ და დღეს უკვე იქ ვართ, სადაც „რუსთავი“ ყოფნას იმსახურებს.

2026 წლიდან გვექნება თანამედროვე საფეხბურთო აკადემია, ეროვნულ ლიგაში ვითამაშებთ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ასევე, ძველი „ფოლადის“ სტადიონის ტერიტორიაზე დაიწყება ახალი სტადიონის მშენებლობა და სულ მალე ვითამაშებთ იქ, სადაც „რუსთავის“ ფეხბურთის სულია.

ეროვნულ ლიგაში აღზევება ახალი თავის დასაწყისია. მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ეროვნულ ლიგაში „რუსთავის“ ღირსეული და ამბიციური წარმომადგენლები ვიყოთ“, – განაცხადა ბაჩანა ცხადაძემ.

მსგავსი