ფეხბურთი | „ანორთოსისმა“ მოიგო, თემურ ქეცბაია ტემპის შენარჩუნებას ფიქრობს #1TVSPORT
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტის „ანორთოსისმა“ სტუმრად, ლიმასოლში აელ-ი დაამარცხა, რის შემდეგაც ქართველი მწვრთნელის გუნდი მე-10 ადგილზე გადავიდა და ფინალურ ექვსეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი ქართველმა მწვრთნელმა ჩაიბარა იმის მიუხედავად, რომ „ანორთოსისს“ ფინანსური პრობლემები აქვს.
„შევძელით და მოვიგეთ ძალიან ძლიერ გუნდთან, რაც ადვილი ნამდვილად არ იყო. აქამდე ბევრი სხვა შეხვედრაც კარგად ჩავატარეთ, მაგრამ შედეგი არ იყო. ახლა კი მეტოქეს პირველი წუთიდან ბოლომდე ვაჯობეთ.
მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც მხარში გვიდგანან იმის მიუხედავად, რომ გუნდს რთული პერიოდი უდგას. შემდეგი მატჩიც რთული იქნება, მაგრამ „ანორთოსისმა“ მოგებები უნდა გაიხსენოს. მე ამის იმედი მაქვს, რადგან გუნდი ბოლო ტურებში კარგად თამაშობს და ბევრ მომენტსაც ქმნის“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ მედიაში.