ფეხბურთი | ალვარო არბელოას სადებიუტო მატჩში „რეალმა“ სეგუნდას აუტსაიდერთან წააგო და ესპანეთის თასიდან გამოვარდა [ვიდეო] #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ ესპანეთის თასის გათამაშებას მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. „სამეფო კლუბი“ სტუმრად 2:3 დამარცხდა სეგუნდა დივიზიონის აუტსაიდერთან, „ალბასეტესთან“.
მადრიდელთა რიგებში გოლები გაიტანეს ფრანკო მასტანტუონომ და გონსალო გარსიამ. მასპინძელებისგან თავი გამოიჩინეს ხავი ვილიარმა და ხეფტე ბეტანკორმა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მან თავისი მეორე გოლი კომპენსირებულ მეოთხე წუთზე გაიტანა. ამ მომენტამდე სამი წუთით ადრე „რეალმა“ 2:2 გახადა ანგარიში.
„ალბასეტესთან“ მატჩი პირველი იყო ალვარო არბელოასთვის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის რანგში. მან გუნდი 13 იანვარს, ჩაბი ალონსოს გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა.
„ალბასეტე“ ესპანეთის მეორე დივიზიონში გამოდის და 21 ტურის შემდეგ 22 გუნდში მე-17 ადგილს იკავებს.