ფეხბურთი | ალექსანდრე კალანდაძე პოლონეთიდან დაბრუნდა და „დინამო თბილისში“ ითამაშებს #1TVSPORT

23:18, 24.02.2026

ალექსანდრე კალანდაძე პოლონეთიდან დაბრუნდა, სადაც პლოცკის „ვისლაში“ ირიცხებოდა – იგი კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს.

„მშობლიურ კლუბში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. შევეცდები, რომ გუნდს ეროვნულ ლიგასა და ევროტურნირებზე მიზნების მიღწევაში დავეხმარო. თბილისის „დინამო“ ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და ახლაც ასე იქნება. წელს სამი ტიტულის მოპოვების შანსი გვაქვს და მჯერა, სეზონს კარგად ჩავატარებთ. „დინამოში“ თამაში ჩემთვის უცხო არ არის, ახალი ფეხბურთელებიც გვყავს და ვფიქრობ, კარგი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.

საქართველოს ნაკრებში ჩემი გზა „დინამოდან“ დაიწყო. ვინმესთვის, შესაძლოა, არასასიამოვნოდ ჟღერდეს, მაგრამ ეროვნულ გუნდში ფეხბურთელები პირველად „დინამოდან“ უნდა შეარჩიონ, რადგან ის იყო და ყოველთვის იქნება ქართული ფეხბურთის ფლაგმანი. მოტივირებული ვარ, რომ ჯერ აქ გამოვიჩინო თავი და შანსი თუ მომეცა, ეროვნულ ნაკრებშიც დავბრუნდე“.

კალანდაძე შარშან ივლისში პლოცკისვისლას“ ფეხბურთელი გახდა. მან პოლონეთის ექსტრაკლასას კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.

24 წლის ცენტრალური მცველი მანამდე იჯარით უნგრულ „ფეჰერვარში“ გამოდიოდა. მისი კონტრაქტი პოლონურმა კლუბმა გამოისყიდა. იყო მოლოდინი, რომ „ვისლა“ კალანდაძისთვის კარგი ტრამპლინი იქნებოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში პოლონურ კლუბში 8 თამაში ჩაატარა და საქართველოში დაბრუნდა.

ასაკობრივი ნაკრებების გარდა, კალანდაძეს ორი მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული.

მსგავსი