ფეხბურთი | ალექსანდრე იაშვილი – ასაკობრივ ნაკრებებში ძალიან წარუმატებელი ორი წელი გვქონდა, ჩვენი მიზანი შეცდომების გამოსწორებაა #1TVSPORT
ჩვენი მიზანია, ასაკობრივ ნაკრებებში გამოვასწოროთ შეცდომები, – ამის შესახებ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის, საქართველოს 21-წლამდელთა და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე 21-წლამდელების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და 19-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ პრეზენტაციები წარადგინეს. დამსწრეებმა იმსჯელეს ასაკობრივ ნაკრებებში ერთიან სათამაშო კონცეფციაზე, რომელიც სხვადასხვა ასაკის გუნდში, წლებია, დანერგილია. არსებული მოდელის განახლების პროცესი ორ თვეს გაგრძელდა და დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოო პრინციპებზე შეთანხმდნენ.
სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე იაშვილმა აღნიშნეს, რომ მოთამაშის ერთი ნაკრებიდან მეორეში გადასვლის პროცესის გაუმჯობესებაში აღნიშნული კონცეფცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ერთიანი სათამაშო მოდელის მუდმივი მონიტორინგის მიზნით მსგავსი სამუშაო შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. ასევე, კონცეფციის ინტეგრაცია აქტიურად გაგრძელდება სფფ-ის აკადემიებში მიმდინარე საწვრთნელ პროცესსა და მეთოდიკაში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი ანალიზი, რადგან ასაკობრივ ნაკრებებში ძალიან წარუმატებელი ორი წელი გვქონდა. ამიტომ ჩვენი მიზანია, გამოვასწოროთ შეცდომები. ასევე მნიშვნელოვანია სათამაშო ფილოსოფია, რათა ფეხბურთელებს ერთი ნაკრებიდან მეორეში გადასვლა გავუადვილოთ. მოთამაშემ უნდა იცოდეს, საკუთარ პოზიციაზე რა მოეთხოვება. ამ პროცესში ჩართულია ყველა მწვრთნელი და ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წარმატებული წელი გვქონდეს“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.