ფეხბურთი | ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე თბილისის „დინამომ“ „აეკ ლარნაკა“ დაამარცხა #1TVSPORT
თბილისის „დინამო“ ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე წარმატებულ სვლას აგრძელებს. თბილისელთა აკადემიის გუნდი კვიპროსში „აეკ ლარნაკას“ ესტუმრა და 4:3 გაიმარჯვა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა რეზიკო დანელიამ ბრწყინვალე დარტყმით წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმის მიწურულს „აეკ ლარნაკამ“ კიდევ ერთხელ მოახერხა დაწინაურება.
მეორე ნახევრის დასაწყისში, 51-ე წუთზე ნიკა ჩოლოყავამ ანგარიში კვლავ გაათანაბრა, ხოლო 59-ე წუთზე მურად დოლტმურზიევმა „დინამო“ წინ გაიყვანა. 67-ე წუთზე კვიპროსელებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა საბოლოო სიტყვა თემურ ოდიკაძემ თქვა, 69-ე წუთზე მისმა გოლმა თბილისელებს გამარჯვება მოუტანა.
საპასუხო მატჩი 5 ნოემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება. გამარჯვებული გუნდი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში „ლუდოგორეცსა“ და „დინამო მინსკს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო იქ წარმატების შემთხვევაში ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.