ფეხბურთი | აფრიკის თასის სკანდალურ ფინალში სენეგალმა მაროკო დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

02:30, 19.01.2026

მაროკოში დასრულდა აფრიკის თასის გათამაშება, რომლის ფინალშიც სენეგალმა დამატებით დროში 1:0 დაამარცხა მაროკო.

ერთადერთი გოლი 94-ე წუთზე პაპე გუიემ გაიტანა.

ფინალი სკანდალური აღმოჩნდა. სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თავისი გუნდი მინდვრიდან გაიყვანა მას შემდეგ, რაც ძირითადი დროის მერვე კომპენსირებულ წუთზე მსაჯმა სენეგალის კარში 11-მეტრიანი დანიშნა.

გუნდი უკან სენეგალელთა ლიდერმა სადიო მანემ დააბრუნა. ამის შემდეგ პენალტი მაროკოს ნაკრებისა და „რეალის“ გარემარბმა, ბრაიმ დიასმა ვერ გამოიყენა, რომელმაც „პანენკათი“ დარტყმა სცადა და მეკარემ იოლად დაიჭირა ბურთი.

სენეგალი თავის ისტორიაში მეორედ გახდა აფრიკის თასის გამარჯვებული.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ სადიო მანე დასახელდა. მან შვიდ მატჩში ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. საუკეთესო მეკარე გახდა მაროკოელი იასინ ბუნუ, რომელმაც ხუთი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა.

ხუთი გოლით საუკეთესო ბომბარდირად ბრაიმ დიასი გამოცხადდა. 4-4 გოლი გაიტანეს ეგვიპტელმა მოჰამედ სალაჰმა და ნიგერიელმა ვიქტორ ოსიმენმა.

მსგავსი