ფეხბურთი | აფრიკის თასის გათამაშება მასპინძელი მაროკოს ნაკრების გამარჯვებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
ფეხბურთში აფრიკის ეროვნებათა თასის რიგით 35-ე გათამაშება მაროკოს დედაქალაქ რაბატში დაიწყო. ტურნირის გახსნით მატჩში მაროკოს ნაკრებმა კომოროსს 2:0 სძლია.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტები შეხვედრას სრულად აკონტროლებდნენ და ანგარიშის გახსნა მე-11 წუთზე შეეძლოთ, თუმცა სუფიან რაჰიმის შესრულებული პენალტი კომოროსელთა მეკარემ, იანიკ პანდორიმ მოიგერია.
ტურნირის პირველი გოლი ბრაიმ დიასის ანგარიშზეა – მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ანგარიში 55-ე წუთზე გახსნა, მან მაზრაუის გადაცემა გამოიყენა.
მეორე გოლი განსაკუთრებით ეფექტური გამოვიდა – 2023/24 წლების კონფერენს ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა და ფეხბურთელმა, აიუბ ელ ქააბიმ მაკრატელა დარტყმით გაიტანა.
ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრები 26 დეკემბერს გაიმართება – მაროკო მალის დაუპირისპირდება, ხოლო კომოროსი ზამბიასთან ითამაშებს. მანამდე, სხვა ჯგუფების შეხვედრები ჩატარდება. ტურნირზე 24 გუნდი მონაწილეობს.