ფეხბურთი | 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძე - წარმატებების გასაგრძელებლად ერთიან სანაკრებო ფილოსოფიაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრებების მწვრთნელების სამუშაო შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა 21-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, რომელმაც ბოლო ოთხწლიან ციკლში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.
„2021-25 წლებში გაწეული სამუშაოს პრეზენტაცია წარვადგინე – რას და რატომ ვაკეთებდით, რა ნაკლოვანებები გვქონდა და რისი გამოსწორება შეიძლება. ამ პერიოდში ბევრი დადებითი იყო – ორჯერ 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება აუცილებელია.
ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და ეს ძალიან კარგია. საბოლოოდ, გვინდა, ერთიან სანაკრებო კონცეფციასა და ფილოსოფიაზე ჩამოვყალიბდეთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ განვლილი წლების წარმატებები გავაგრძელოთ, განვავითაროთ და იმ მიზანს მივაღწიოთ, რომელიც ფედერაციაში გვაქვს დასახული.
მნიშვნელოვანია, რომ ასაკობრივ ნაკრებში მოსულმა ფეხბურთელმა იცოდეს ის მენტალური მხარე, წესები და საფეხბურთო ფილოსოფია, რომელსაც გვინდა, საბოლოოდ მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ ასეც იქნება“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.
აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებთან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებმა, ალექსანდრე იაშვილმა და ზაზა ზამთარაძემ გამართეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასაკობრივ ნაკრებებში ერთიან სათამაშო კონცეფციაზე, რომელიც წლების განმავლობაში ეტაპობრივად ინერგება. ფედერაციის განცხადებით, პროექტის გაუმჯობესების მიზნით მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგულარულად გაგრძელდება.