ფეხბურთი | 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია #1TVSPORT

23:07, 05.12.2025

ვაშინგტონში, ჯონ კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ მიიღეს.

წილისყრის დაწყებამდე ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ დონალდ ტრამპს ფიფა-ს მშვიდობის ჯილდო გადასცა. ის აღნიშნული პრემიის პირველი მფლობელი გახდა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში ყველაზე მეტი, 48 ნაკრები იასპარეზებს. ამ მომენტისთვის მსოფლიო პირველობის საგზური 42-მა ქვეყანამ მოიპოვა, ხოლო დარჩენილი ექვსი საგზურისთვის ბრძოლა 2026 წლის მარტში გაგრძელდება.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები:

A ჯგუფი: მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ევროპის პლეი ოფი D (დანია/ჩრდილოეთ მაკედონია/ჩეხეთი/ირლანდია)

B ჯგუფი: კანადა, ევროპის პლეი ოფი A (იტალია/ჩრდილოეთ ირლანდია, უელსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა), კატარი, შვეიცარია

C ჯგუფი: ბრაზილია, მაროკო, ჰაიტი, შოტლანდია

D ჯგუფი: აშშ, პარაგვაი, ავსტრალია, ევროპის პლეი ოფი C (თურქეთი/რუმინეთი/სლოვაკეთი/კოსოვო)

E ჯგუფი: გერმანია, კურასაო, კოტ დ’ივუარი, ეკვადორი

F ჯგუფი: ნიდერლანდები, იაპონია, ევროპის პლეი ოფი B (უკრაინა/შვედეთი/პოლონეთი/ალბანეთი), ტუნისი

G ჯგუფი: ბელგია, ეგვიპტე, ირანი, ახალი ზელანდია

H ჯგუფი: ესპანეთი, კაბო ვერდე, საუდის არაბეთი, ურუგვაი

I ჯგუფი: საფრანგეთი, სენეგალი, ფიფა-ს პლეი ოფი 2 (ერაყი/ბოლივია/სურინამი), ნორვეგია

J ჯგუფი: არგენტინა, ალჟირი, ავსტრია, იორდანია

K ჯგუფი: პორტუგალია, ფიფა-ს ფლეი ოფი 1 (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა/ახალი კალედონია/იამაიკა), უზბეკეთი, კოლუმბია

L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია, განა, პანამა

თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე, 1/32-ფინალში ორი გუნდი გავა. პლეი ოფში ბრძოლას ასევე გააგრძელებს რვა საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი.

მსოფლიო პირველობა ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. ტურნირი 2026 წლის 11 ივნისს მეხიკოში, „აცტეკას სტადიონზე“ გაიხსნება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს მექსიკა და სამხრეთ აფრიკა შეხვდებიან. ფინალი 19 ივლისს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ისტ რუზერფორდში მდებარე MetLife Stadium-ზე შედგება.

მექსიკაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ისტორიაში მესამედ ჩატარდება. 1970 წელს გამართული ტურნირი ბრაზილიის ნაკრებმა მოიგო, რომლის ლიდერიც ლეგენდარული პელე იყო, ხოლო 1986 წელს მექსიკაში გამარჯვება არგენტინამ დიეგო მარადონას ლიდერობით იზეიმა.

აშშ-ის ტერიტორიაზე მუნდიალის მატჩები მეორედ გაიმართება – 1994 წელს ამ ქვეყანაში ჩემპიონი ბრაზილია გახდა. რაც შეეხება კანადას, მსოფლიო ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს.

მსგავსი