ფეხბურთი | 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინისა და მაროკოს ნაკრებები შეხვდებიან #1TVSPORT
ჩილეში დასასრულს მიუახლოვდა 20-წლამდე ფეხბურთელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი. ტურნირის ფინალში ერთმანეთს არგენტინისა და მაროკოს ნაკრებები შეხვდებიან.
არგენტინამ ნახევარფინალში კოლუმბია 1:0 მატეო სილვეტის გოლით დაამარცხა. „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა თავის გამოჩენა შეხვედრის 72-ე წუთზე მოახერხა.

მაროკომ პენალტების სერიაში საფრანგეთის ნაკრებს სძლია. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში აფრიკელებმა გახსნეს, ავტოგოლი ფრანგმა ლისანდრუ ოლმეტამ გაიფორმა. მატჩში წონასწორობა 59-ე წუთზე ლუკას მიკალმა აღადგინა და გუნდები პენალტების სერიამდე მივიდნენ, რომელშიც მაროკომ 6:5 გაიმარჯვა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინასა და მაროკოს შორის 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება. მანამდე შედგება მესამე ადგილისთვის მატჩი საფრანგეთსა და კოლუმბიას შორის.
არგენტინელებს შანსი აქვთ, 20-წლამდელთა მსოფლიო პირველობა ისტორიაში მეშვიდედ მოიგონ, ამ მხრივ სამხრეთამერიკული ქვეყანა ტურნირის რეკორდსმენია, ხოლო მაროკო ტიტულის პირველად დაუფლებას შეეცდება. საუკეთესო შედეგი ჩრდილოეთაფრიკელებმა 2005 წელს დააფიქსირეს, როდესაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.