ფეხბურთელების უცნაური გატაცებები - სოკო, ცხენი, ბინგო, ფაზლი #1TVSPORT
ფეხბურთელების უცნაური გატაცებები - სოკო, ცხენი, ბინგო, ფაზლი #1TVSPORT

ფეხბურთელების დიდი ნაწილი გატაცებულია ძვირადღირებული ავტომობილების შეგროვებით, მუსიკით ან კომპიუტერული თამაშებით, თუმცა ზოგიერთს აქვს ისეთი ჰობი, როგორსაც, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდით.

 

კრიშტიანო რონალდოს უყვარს ლოტოს მსგავსი სამაგიდო თამაში ბინგო. როგორც ამბობს, მანჩესტერში გადასვლის შემდეგ სწორედ ბინგო დაეხმარა მას ინგლისურის სწავლაში.

„ეს ძალიან სახალისო თამაშია“ – განაცხადა პორტუგალიელმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

პეტრ ჩეხი დასარტყამი ინსტრუმენტებით არის გატაცებული. 2010 წლიდან ის ფეხბურთს დრამერობასაც უთავსებდა. ახლა ამ საქმიანობისთვის მეტი დრო აქვს. სახლში მოწყობილი აქვს სტუდია და სხვადასხვა კომპოზიციის შესრულების ვიდეომასალას Youtube-ის საკუთარ გვერდზეც აქვეყნებს. აწყობს პატარა კონცერტებსაც.

ერთხელ Queen-ის დრამერთან როჯერ ტეილორთან ერთადაც კი დაუკრა.

ანდრეა პირლოს გატაცება მეღვინეობაა. თავისუფალ დროს, თითქმის ყოველთვის, მისსავე ვენახში ატარებს, რომელიც ლომბარდიაში აქვს გაშენებული. იტალიელის ეს სიყვარული ბავშვობიდან მოდის. ის პატარობაში ბებიას ეხმარებოდა ყურძნის მოყვანაში და უკვე მაშინ მიირთმევდა წყალში გაზავებულ ღვინოს.

მაიკლ ოუენს ფაზლების აწყობა უყვარს, თუმცა მისი მთავარი ჰობი მაინც ცხენებია. თავადაც ფლობს რამდენიმე მათგანს და დოღებსაც ხშირად ესწრება. იმ ფაზლებზეც, რომლებსაც თავისუფალ დროს აწყობს, ყოველთვის ცხენებია გამოსახული.

დევიდ ბექჰემს უყვარს ფარიკაობა და LEGO-ს კონსტრუქტორების აწყობა. ამ უკანასკნელს იმდენ დროს უთმობს, რომ ვიქტორია ბექჰემის უკმაყოფილებასაც იწვევს.

ყველაზე უცნაური კი ალბათ ჩავის გატაცებაა. ის ხშირად დადის ტყეში სოკოების შესაგროვებლად, ცნობს თითქმის ყველა სახეობას და ცდილობს საკუთარი მეგობრებიც აიყოლიოს.

მაგალითად, ერთხელ ხერარდ პიკე და შაკირა ჰყავდა წაყვანილი სოკოების საკრეფად.

საბავშვო მოთხრობებს წერს თეო უოლკოტი. ტონი კროოსი დართსის ​ძლიერი მოთამაშეა. დიმიტარ ბერბატოვი კი სახალისო კარიკატურებს ხატავს.