„ფეისბუქის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ხარვეზები კიბერთავდასხმას არ უკავშირდებოდა
„ფეისბუქის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ხარვეზები კიბერთავდასხმას არ უკავშირდებოდა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გუშინ დაფიქსირებული ხარვეზები კიბერთავდასხმას არ უკავშირდებოდა. აღნიშნული განცხადება კომპანიაში მას შემდეგ გააკეთეს, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს ცნობა, რომ „ფეისბუქს“ ჰაკერები დაესხნენ თავს.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში ხარვეზები გუშინ საღამოს დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. „ფეისბუქთან“ ერთად პრობლემები შეექმნა „ვოთსაფის“, „ინსტაგრამისა“ და „ფეისბუქ მესენჯერის“ მომხმარებლებსაც.

მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. „ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ პრობლემის გამოსასწორებლად მუშაობენ.

ამჟამად “ფეისბუქი” ხარვეზების გარეშე მუშაობს.