„ფეიენოორდი“ - „დინამო“ | 1:0 პირველი ტაიმის შემდეგ (ვიდეო)

როტერდამში, სტადიონ „დე კუიპზე“ „ფეიენოორდისა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ფეიენოორდი (4-3-3): ვერმეერი – ნიუვკოოპი, ბოტეგინი, ვან დერ ჰეიდენი, ჰაპსი – კოკუ, ტაპია, ფერი – ლარსონი, სინისტერა, ბერგჰუისი.

დინამო (4-3-3): პერალესი – რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე – ნინუა, პაპავა, კუხიანიძე – ქავთარაძე, შენგელია, კუტალია.

მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს და ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა ჯერ ბერგჰუისს, შემდეგ კი ლარსონს, თუმცა ამ მომენტებით ვერ ისარგებლეს.

ტაიმის შუაში თბილისელებმა მასპინძელთა შეტევების შეჩერება მოახერხეს, პირველად კი მეტოქე 22-ე წუთზე შეაწუხეს, როდესაც ლევან შენგელიამ შორიდან დაარტყა, მაგრამ ამ დარტყმას მეკარე გაუმკლავდა.

თუმცა, „ფეიენორდმა“ ტაიმის ბოლოს შეტევები ისევ გააძლიერა და 43-ე წუთზე სტევენ ბერგჰუისის გადაცემით ლუის სინისტერამ ანგარიში გახსნა – 1:0.