ფედერიკა მოგერინი - მხარს ვუჭერთ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს და ყოველთვის დაგეხმარებით ამ კუთხით
ფედერიკა მოგერინი - მხარს ვუჭერთ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს და ყოველთვის დაგეხმარებით ამ კუთხით

მხარს ვუჭერთ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს და ყოველთვის დაგეხმარებით ამ კუთხით, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მოგერინიმ აღნიშნა, რომ საქართველომ მიაღწია ბევრს, რაც საამაყოა. მან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხებიც მიმოიხილა.

„მივესალმებით საქართველოს პროგრესს კანონის უზენაესობის რეფორმებში, მართლმსაჯულების ინსტიტუციებში. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამით დაიწყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. მხარს ვუჭერთ აგრეთვე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მომხრეები ვართ. მშვიდობა არის მნიშვნელოვანი.

სპეციალური წარმომადგენელი გვყავს სამხრეთ კავკასიაში, თვალს ვადევნებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ გააგრძელა თავისი მანდატი. მხარს ვუჭერთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივებს და ყოველთვის დაგეხმარებით ამ კუთხით.

აქ აღვნიშნეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეათე წლისთავი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ივლისში იქნება მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ვისაუბროთ ამ პარტნიორობის მიღწევებზე და გმადლობთ, რომ ამ შეხვედრას საქართველოში ჩაატარებთ. თქვენ მიაღწიეთ ძალიან ბევრს, რაც საამაყოა.

ვისაუბრეთ პოტენციალზე ჩვენს ურთიერთობებში, რათა უფრო მეტ შედეგს მივაღწიოთ ერთად, ევროკავშირმა და საქართველომ“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა გაიმართა.