ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირს პასუხისმგებლობა აქვს და განაგრძობს პასუხისმგებლობით მოპყრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით
ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირს პასუხისმგებლობა აქვს და განაგრძობს პასუხისმგებლობით მოპყრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით

ევროკავშირს პასუხისმგებლობა აქვს და განაგრძობს პასუხისმგებლობით მოპყრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მოგერინიმ პირველი არხის კითხვას უპასუხა. პირველი არხის ჟურნალისტი დაინტერესდა რუსეთის ფაქტორით, რომელსაც ყოველთვის, როდესაც საქართველო წინ მიიწევს ინტეგრაციის გზაზე, საკმაოდ მკაცრი პასუხები აქვს და რა შეიძლება გაკეთდეს ერთობლივი თანამშრომლობით, რათა რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ქვეყანაში და ზოგადად რეგიონში მშვიდობისთვის.

„ევროკავშირს პასუხისმგებლობა აქვს და განაგრძობს პასუხისმგებლობით მოპყრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის კუთხით. როგორც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რამოდენიმე ინიციატივა არსებობს, მათ შორის არის მონიტორინგის მისია და დიპლომატიური დონის ჩართულობაც, რა თქმა უნდა, ჟენევის საერთაშორისო დიალოგის ფარგლებში და ამ საკითხს რუსეთის ხელისუფლებასთან ყოველთვის წამოვჭრით სხვადასხვა დონეზე.

ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მშვიდობიანი ინიციატივის დეტალებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების კუთხით, ხალხთა შორის ურთიერთობები არის გადამწყვეტი, შერიგების პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, რამდენჯერმე უკვე ვახსენე, არა მხოლოდ საქართველოს უკავშირდება, არამედ ყველა კონფლიქტს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში. ევროკავშირი არასოდეს მიიჩნევს, რომ რომელიმე ქვეყანა უნდა ირჩევდეს ერთ ან მეორე მხარეს. მეგობრობა, პარტნიორობა, ევროკავშირთან სიახლოვე არ გულისხმობს ნაკლებ მეგობრობას სხვასთან, რომელიმე სხვა ქვეყანასთან, პარტნიორობა და მეგობრობა ევროკავშირთან არის თავსებადი ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან მეგობრობის და ურთიერთობის. აქედან გამომდინარე, მთავარია, რომ მიმზიდველობა არსებობდეს ორ ქვეყანას შორის, თორემ ჩვენ ხელის შემშლელი ფაქტორი არ ვართ“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა გაიმართა.