ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების ხუთ მთავარ პრინციპს გადახედავს
ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების ხუთ მთავარ პრინციპს გადახედავს

ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების ხუთ მთავარ პრინციპს გადახედავს. ამის შესახებ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

„ჩვენ ასევე მოლაპარაკებებს გავმართავთ რუსეთზე, კერძოდ კი გადავხედავთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების ხუთ მთავარ პრინციპს. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტს დღის ბოლოს გეტყვით“, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

აღნიშნული ხუთი პრინციპი ევროკავშირმა 2016 წლის მარტში შეათანხმა –  მინსკის შეთანხმებების სრული განხორციელება; უფრო მჭიდრო კავშირები რუსეთის პოსტსაბჭოთა მეზობლებთან; რუსეთის საფრთხეების წინააღმდეგ ევროკავშირის წინააღმდეგობის გაძლიერება; რუსეთთან შერჩევითი ურთიერთობა ზოგიერთ საკითხზე, როგორიცაა, მაგალითად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; ადამიანებს შორის კონტაქტების მხარდაჭერა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია, განახლდეს გაერო-ს ხელმძღვანელობით პოლიტიკური მოლაპარაკებები სირიის კრიზისის დარეგულირებაზე.

როგორც მოგერინიმ აღნიშნა, მომავალ კვირას ბრიუსელში სირიის საკითხზე კონფერენცია გაიმართება, რომელშიც 70 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

„დღეს მთავარი განსახილველი საკითხი სირია იქნება. ევროკავშირის საბჭო მიიღებს შემაჯამებელ განცხადებას. ჩვენ დავადასტურებთ ერთობლივ პოზიციას, რომელიც წინა დღეებში 28 წევრის სახელით გამოვაქვეყნე, განსაკუთრებით კი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენს რეაქციაზე. ჩვენ ვიმუშავებთ ბრიუსელში მომავალ კვირას დაგეგმილი კონფერენციის მოსამზადებლად. ეს იქნება შესაძლებლობა, განვაახლოთ გაერო-ს ხელმძღვანელობით პოლიტიკური პროცესი. მქონდა შესაძლებლობა, გუშინ განმეხილა ეს საკითხი გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელ დე მისტურასთან და არაბული ქვეყნების წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში, სადაც მე არაბთა ლიგის სამიტის გახსნაზე მიმიწვიეს.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ გაერო-ს ხელმძღვანელობით პოლიტიკური პროცესის განახლებას ბიძგი მიეცეს. მომავალ კვირაში ჩვენ ვუმასპინძლებთ 70-ზე მეტ დელეგაციას, რომლებიც გაერო-სა და ევროკავშირის თავმჯდომარეობით კონფერენციას დაესწრებიან. კონფერენცია ჰუმანიტარული საკითხების გარდა მიმართული იქნება სირიის შინაარსიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების განახლების გზების ძიებაზე. ჩვენ მუდამ ვაწყდებით წინააღმდეგობას სირიის რეჟიმის მხრიდან ჟენევაში შინაარსიანი მოლაპარაკებების პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდეთ რუსეთსა და ირანს, განახორციელონ ზეწოლა დამასკოზე, ჟენევაში გაერო-ს ხელმძღვანელობით სერიოზული დისკუსიის დასაწყებად. როგორც იცით, ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, რომ მზად ვართ, დავიწყოთ სირიის რეკონსტრუქციის დაფინანსების დაგეგმვა, რასაც სჭირდება უზარმაზარი რესურსები. თუმცა, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება მოლაპარაკებების მყარი პროცესი ჟენევაში. სირიაში მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ხალხი იტანჯება და იღუპება. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ ეს შეაჩეროს“, – განაცხადა მოგერინიმ.

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე მინისტრები ირანის საკითხსაც განიხილავენ. მოგერინიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირიs მხრიდან ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებისადმი სრული მხარდაჭერა.

„ევროკავშირი ყოველთვის მკაფიოდ აცხადებს, რომ შეთანხმების შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ეს არის ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესი, რომელსაც მივყვებით“, -აღნიშნა მოგერინიმ.

მინისტერიალზე ასევე იმსჯელებენ დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაციის თემაზე.