დრამატული ფინალით დასრულდა ინდიან უელსის „მასტერსი“. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს მსოფლიოს პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი და ხუან მარტინ დელ პოტრო ხვდებოდნენ. ეს მათი 25-ე შეხვედრა იყო პროფესიულ ტურში და შვეიცარიელი 18:6 იგებდა.
მათი მორიგი შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა. ჩოგბურთელები ძალიან კარგად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებაზე და ბრეიკპოინტები იშვიათად ფიქსირდებოდა. პირველ სეტში ერთადერთი ასეთი შანსი დელ პოტრომ მიიღო და მეხუთე გეიმში ბრეიკი შეასრულა, რის შემდეგაც ეს უპირატესობა შეინარჩუნა.
მეორე სეტი ფინალის მშვენება აღმოჩნდა. ჩოგბურთელები უბრეიკოდ მივიდნენ ტაიბრეიკამდე, თუმცა, 5:4-ზე ფედერერმა ორი სეტბოლი ვერ გამოიყენა. ტაიბრეიკზე შვეიცარიელმა კიდევ ოთხი სეტბოლი გაანიავა, რის შემდეგაც, დელ პოტრომ მატჩბოლი გამოიმუშავა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. საბოლოოდ, ფედერერმა მეშვიდე სეტბოლიდან პარტია მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტშიც თანაბარი თამაში მიდიოდა იქამდე, სანამ მეცხრე გეიმში ფედერერმა პირველი ორი ბრეიკპოინტი არ მიიღო და ეს შანსი არ გამოიყენა. 5:4-ზე შვეიცარიელს მატჩზე ჩაწოდების საშუალება მიეცა, მაგრამ სასწაული მოახდინა დელ პოტრომ – მან სამი მატჩბოლი მოიგერია და მეორე ბრეიკპოინტის გამოყენებით, ანგარიში გაათანაბრა.
საბოლოოდ, ზედიზედ მეორე სეტში ტაიბრეიკმა გადაწყვიტა ყველაფერი. დელ პოტრო თავიდანვე გაიქცა – 5:0 და აღარ გაჭირვებია მოგება. 2 საათისა და 45 წუთის შემდეგ, არგენტინელმა მოიგო – 6:4, 6:7(8), 7:6(2).