ფედერერმა მიანიშნა, რომ ტოკიოს თამაშებზე გამოსვლას განიხილავს
ფედერერმა მიანიშნა, რომ ტოკიოს თამაშებზე გამოსვლას განიხილავს

შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა გაახმოვანა თავისი უახლოესი გეგმები. მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა აღნიშნა, რომ აპირებს სრულად გამოჯანმრთელებული შეხვდეს 2021 წლის დასაწყისს. ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა მიანიშნა, რომ სერიოზულად განიხილავს ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას.

„ჩემი მთავარი მიზანია – ასი პროცენტით მზად ვიყო პირველი იანვრისთვის. ახლა, წინ მაქვს ფიზიკური მომზადების 20-დღიანი პერიოდი. დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ მე მზად ვარ.

სავსებით ცხადია, რომ ჩემი კარიერის ბოლოში ვიმყოფები. ვერ ვიტყვი, რომ ორი წლის შემდეგ წავალ, რადგან წლიდან წლამდე ვაწყობ ჩემს გეგმებს. ამ მომენტში ჯერ ისევ ბედნიერი ვარ. როცა ჩემი სხეული პასუხის გაცემას შეწყვეტს, მაშინ გავჩერდები.

ჯერ არ ვარ კონცენტრირებული ტოკიოს ოლიმპიადის მზადებაზე. როცა 20 წლის განმავლობაში თამაშობთ, უფრო მეტად აფასებთ მშვიდ და წყნარ წელიწადს. ნამდვილი მომზადება თამაშებამდე სამი კვირით ადრე დაიწყება. ოლიმპიური თამაშები ყოველთვის ძალიან განსაკუთრებული იყო. მოუთმენლად ველოდები ამ მომენტს და ვიმედოვნებ, რომ ოლიმპიადა 2021 წელს გაიმართება“, – თქვა ფედერერმა SRF-ის ეთერში.