ფედერერმა ჯოკოვიჩი დამაჯერებლად დაამარცხა, ნადალი კი 2019 წელს პირველი ჩოგანის რანგში დაასრულებს
ფედერერმა ჯოკოვიჩი დამაჯერებლად დაამარცხა, ნადალი კი 2019 წელს პირველი ჩოგანის რანგში დაასრულებს

ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე B ჯგუფში ბოლო ტური გაიმართა. ერთი შეხვედრა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა – ორმოცდამეცხრედ ხვდებოდნენ ერთმანეთს შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი. ამ მატჩში მოგებული ინაღდებდა ნახევარფინალის მეორე საგზურს.

ფედერერს ოთხი წელი არ ჰქონდა მოგებული ჯოკოვიჩისთვის. წელს ეს ჩოგბურთელები უიმბლდონის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და შვეიცარიელმა ორი მატჩბოლიდან ვერ შეძლო მოგება.

გუშინ, როჯერმა მოახერხა კარიერაში ყველაზე მტკივნეული და დასანანი წაგებისთვის რევანშის აღება. პირველ სეტში მან იდეალური ჩოგურთი ითამაშა – საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ სამი ქულა წააგო, სულ რაღაც ორი შეცდომა დაუშვა, მეტოქეს არცერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა, თავად კი ორიდან ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

მეორე სეტშიც ჯოკოვიჩმა ბევრი ვერაფერი მოახერხა – ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ფედერერმა კიდევ ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა – 6:4, 6:3.

ფედერერმა შეამცირა ჯოკოვიჩთან ჩამორჩენა – მათ შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია 26:23 სერბის სასარგებლოდ.

ჯოკოვიჩის წაგება ნიშნავს, რომ ნოვაკი ვერ დაიბრუნებს ლიდერობას პროფესიულ ტურში და 2019 წელს, პირველი ჩოგანის რანგში ესპანელი რაფაელ ნადალი დაასრულებს.

B ჯგუფში პირველ ადგილზე დომინიკ ტიმი გავიდა, მეორეზე – ფედერერი. მათი მეტოქეები ნახევარფინალში A ჯგუფის მესამე ტურში გაირკვევა, რომელშიც ნადალი სტეფანოს ციციპასს შეხვდება, ალექსანდრ ზვერევი – დანიილ მედვედევს.