ფედერერმა დიმიტროვი გაანადგურა და 97-ე ტიტული მოიპოვა
ფედერერმა დიმიტროვი გაანადგურა და 97-ე ტიტული მოიპოვა

ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში პროფესიული ტურის მორიგი ტურნირი დასრულდა, რომელიც შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ძალიან იოლად მოიგო. ლეგენდამ ფინალში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს 55 წუთში მოუგო – 6:2, 6:2.

დიმიტროვი ამ მატჩში უშანსოდ იყო – მას ერთი ბრეიკპოინტიც კი არ გამოუმუშავებია, ფედერერმა კი რვა ასეთი შანსი მიიღო და ოთხი ბრეიკი შეასრულა.

ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრებში ​ანგარიში 7:0 გახდა ​შვეიცარიელის სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალის მოგების შემდეგ, ფედერერმა ​ATP-ის კლასიფიკაციაში პირველი ადგილი დაიბრუნა. ორშაბათიდან ის 303-ე კვირას დაიწყებს პირველი ჩოგანის რანგში.

როჯერ ფედერერმა როტერდამში 97-ე ტიტული მოიპოვა. ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ ამერიკელ ჯიმი კონორსს ჩამორჩება, რომელსაც კარიერაში 109 ტიტული აქვს მოგებული.