ფედერერმა და შვეიცარიამ ჰოპმანის თასი მოიგეს
ფედერერმა და შვეიცარიამ ჰოპმანის თასი მოიგეს

ავსტრალიის ქალაქ პერტში ჰოპმანის თასის გათამაშება დასრულდა, რომელსაც შერეულ წყვილებში მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატს უწოდებენ.

ზედიზედ მეორედ, ფინალში შვეიცარიისა და გერმანიის ნაკრებები შეხვდნენ. პირველ მატჩში ATP-ის კლასიფიკაციის პირველი და მეორე ნომრები – როჯერ ფედერერი და ალექსანდრ ზვერევი შეხვდნენ.
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ბრწყინვალე მზადყოფნა აჩვენა. მას გერმანელის გასანადგურებლად მხოლოდ 72 წუთი დასჭირდა – 6:4, 6:2. როჯერმა პირველი მოწოდებით ქულების 91 პროცენტი აიღო. მის ანგარიშზე სამი ბრეიკია, ზვერევი კი ერთ ბრეიკ-პოინტამდეც ვერ მივიდა.

ფინალის მეორე მატჩში ქალების ჯერი დადგა და გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა ​ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მან ორ სეტში დაამარცხა ბელინდა ბენჩიჩი – 6:4, 7:6(6). აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელს ორჯერ მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (8-4), მაგრამ მხოლოდ სამი შანსი გამოიყენა, კერბერმა კი ოთხი.
ასე რომ, ჰოპმანის თასის ბედი შერეული წყვილების მატჩს უნდა გადაეწყვიტა – ერთ მხარეს ფედერერი და ბენჩიჩი, მეორე მხარეს – ზვერევი და კერბერი.

გადამწყვეტ მატჩში სამი სეტის (პარტია ოთხი გეიმის მოგებამდე იყო) ჩატარება გახდა საჭირო. შვეიცარიულმა წყვილმა პირველი ხუთი გეიმი მოიგო და 4:0, 1:0 დაწინაურდა. ამას გერმანელთა მხრიდან ზედიზედ ოთხი გეიმის აღება მოჰყვა და სეტებში ანგარიში გათანაბრდა. მესამე პარტია ფედერერმა და ბენჩიჩმა ბრეიკით დაიწყეს, მაგრამ ვერ მოახერხეს ამ უპირატესობის შენარჩუნება მაშინ, როცა მატჩზე აწვდიდნენ. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელიც მაინც შვეიცარიელებმა მოიგეს. შესაბამისად, მათ ფინალში 2:1 გაიმარჯვეს და ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ჰოპმანის თასი.

სხვათა შორის, გუნდები შარშანაც ასეთი შემადგენლობებით თამაშობდნენ ფინალში და მაშინაც შვეიცარია გახდა ჩემპიონი.