ფედერერმა ბაზელის ტიტული მეათედ მოიგო
ფედერერმა ბაზელის ტიტული მეათედ მოიგო

შვეიცარიელ როჯერ ფედერერს პროფესიულ ტურში ორი განსაკუთრებულად საყვარელი ტურნირი აქვს – ჰალეში და ბაზელში. წელს, უიმბლდონის წინ, როჯერმა ჰალეს ბალახზე მეათე ტიტული მოიგო, ახლა კი იგივე გააკეთა მშობლიურ ბაზელში, როცა ფინალში გაანადგურა ავსტრალიელი ალექს დე მინორი.

ფედერერმა იდეალურად ითამაშა საკუთარ გეიმებში – პირველ და მეორე მოწოდებებზე მხოლოდ შვიდ-შვიდი ქულა წააგო და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა მეტოქეს. მიღებაზე კი როჯერმა 10 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და თითო სეტში ორ-ორი ბრეიკის შესრულება შეძლო – 6:2, 6:2.

ფედერერმა ამ სეზონში მეოთხე ტიტული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ნოვაკ ჯოკოვიჩს, დანიილ მედვედევსა და რაფაელ ნადალს. კარიერაში შვეიცარიელისთვის ეს იყო 103-ე მოგებული ტურნირი.