ფედერერის შემდეგ, დომინიკ ტიმმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
ფედერერის შემდეგ, დომინიკ ტიმმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეორე ტური დასრულდა B ჯგუფში. გუშინდელი დღის მეორე მატჩში ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა და სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მაყურებლებს ნამდვილი თრილერი შესთავაზეს. ამ ჩოგბურთელებმა პირველ ტურში მოიგეს და მათ მატჩში გამარჯვებული ინაღდებდა ნახევარფინალის საგზურს.

თამაში ორი საათი და 50 წუთი გაგრძელდა. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც, ტაი-ბრეიკზე ოდნავ უკეთ ჯოკოვიჩი გამოიყურებოდა და მან სეტებში წაიყვანა ანგარიში.

მეორე პარტიაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ტიმმა გამოიმუშავა, ეს შანსი გამოიყენა და ამის ხარჯზე სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში ტიმს ჰქონდა უპირატესობა – ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით, მაგრამ ჯოკოვიჩმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. ტაი-ბრეიკზე თავიდან სერბმა მოიპოვა ინიციატივა – 3:0 და 4:1-ს იგებდა, მაგრამ ტიმმა ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და სამმაგი მატჩბოლი მოიპოვა. ავსტრიელმა მეორე ცდაზე მოიგო შეხვედრა და ნახევარფინალში თამაში გაინაღდა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა იტალიელი მატეო ბერეტინი დაამარცხა – 7:6(2), 6:3. ასე რომ, ორი ტურის შემდეგ, ფედერერსა და ჯოკოვიჩს თითო მოგება აქვთ და მესამე ტურში მათ შორის შეხვედრაში ნახევარფინალის მეორე საგზურის ბედი გაირკვევა.

დატოვე კომენტარი