ფედერერის ბოლო შანსი ლონდონში
ფედერერის ბოლო შანსი ლონდონში

დღეს ლონდონში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე B ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართება.

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი და იაპონელი კეი ნიშიკორი დაუპირისპირდებიან. დღევანდელ შეხვედრას ორივე ჩოგბურთელი ჩინებულ განწყობაზე ხვდება, ვინაიდან პირველ ტურში ორივემ გამარჯვება იზეიმა. ანდერსონმა ავსტრიელ დომინიკ ტიმს სძლია, ხოლო ნიშიკორიმ ყველასთვის მოულოდნელად შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებში იაპონელი ლიდერობს, ანგარიშით 6:3.

მეორე შეხვედრაში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და დომინიკ ტიმი შეხვდებიან. დამარცხების შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანი, დიდი ალბათობით, ვეღარ შეძლებს ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლას. ასე რომ ეს მატჩი შვეიცარიელისთვის და მისი მეტოქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. ისინი ერთმანეთს სამჯერ დაპირისპირებიან, საიდანაც ბოლო ორ მატჩში ტიმმა გაიმარჯვა.ეს სამივე შეხვედრა 2016 წელს გაიმართა.

პირველი შეხვედრა თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება,მეორე კი 24.00 საათზე.