ფედერერი ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალშია
ფედერერი ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალშია

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა მეორე მატჩი მოიგო ჰალეს ტურნირზე. ამჯერად, შვეიცარიელს საკმაოდ გაუჭირდა ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგას წინააღმდეგ. შეხვედრა ორი საათი და 18 წუთი გაგრძელდა და ფედერერმა სამ სეტში მოიგო – 7:6(5), 4:6, 7:5.

უბრეიკო პირველ სეტში ფედერერმა ტაი-ბრეიკზე ითამაშა დამაჯერებლად და დაწინაურდა. შვეიცარიელს შეეძლო ორ სეტში დაესრულებინა მატჩი, მაგრამ მეორე პარტიაში ბრეიკის უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – ცონგამ ორი უკუბრეიკი შეასრულა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში პირველ ბრეიკ-პოინტი ფრანგმა მიიღო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, ფედერერმა კი მე-11 გეიმში შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა.

აღსანიშნავია, რომ ცონგამ აჯობა ფედერერს ბრეიკ-პოინტების რაოდენობით – შვიდი ოთხის წინააღმდეგ, მაგრამ ბრეიკების რაოდენობა ჰქონდათ თანაბარი – ორ-ორი.

ფედერერის შემდეგი მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება.