ფავორიტებს როლან გაროსზე იოლი დღე ჰქონდათ
ფავორიტებს როლან გაროსზე იოლი დღე ჰქონდათ

როლან გაროსის ქალთა ტურნირზე არ შედგა მერვედფინალის მთავარი დაპირისპირება – მარია შარაპოვამ უბრძოლველად გააღწია მეოთხედფინალში მას შემდეგ, რაც სერენა უილიამსმა უარი თქვა კორტზე გასვლაზე ფეხის ტრავმის მიზეზით.

ასევე არ შედგა გარბინ მუგურუსასა და ლესია ცურენკოს შეხვედრა. ჩოგბურთელებმა მხოლოდ ორი გეიმი ითამაშეს, რის შემდეგაც, უკრაინელმა ტრავმის გამო შეწყვიტა მატჩი და ესპანელს გამარჯვება მიულოცა. მუგურუსა სწორედ შარაპოვას შეხვდება მეოთხედფინალში.

კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილი შეადგინეს სიმონა ჰალეპმა და ანჟელიკ კერბერმა, რომლებიც ერთი თავით მაღლა იდგნენ თავიანთ მეტოქეებზე.

ჰალეპმა ელიზ მერტენსთან მატჩში ექვსი ბრეიკი შეასრულა, 16 “ვინერსი” დააგროვა და პირველი მოწოდებით ქულების 75 პროცენტი აიღო. რუმინელმა 59 წუთში მოიგო და ბოლო ხუთ წელიწადში მესამედ გავიდ როლან გაროსის მეოთხედფინალში.

კერბერმა მხოლოდ ერთი ბრეიკი გაიმეტა კაროლინ გარსიას წინააღმდეგ, თავად ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და მეხუთე მატჩბოლზე გაიმარჯვა.

1/8 ფინალის შედეგები

ჰალეპი (რუმ, 1)-მერტენსი (ბელ, 16) 6:2, 6:1
კერბერი (გერ, 12)-გარსია (საფ, 7) 6:2, 6:3
მუგურუსა (ესპ, 3)-ცურენკო (უკრ) 2:0 უარი
შარაპოვა (რუს, 28)-ს. უილიამსი (აშშ) უარი.

1/4 ფინალში ხვდებიან

ჰალეპი (რუმ, 1)-კერბერი (გერ, 12)
მუგურუსა (ესპ, 3)-შარაპოვა (რუს, 28)
პუტინცევა (ყაზ)-კისი (აშშ, 13)
სტივენსი (აშშ, 10)-კასატკინა (რუს, 14).