ფავორიტებმა სერიის მესამე მატჩები მოიგეს
ფავორიტებმა სერიის მესამე მატჩები მოიგეს

გრძელდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეიოფი. დღეს დილით სამი მატჩი გაიმართა და სამივეში ფავორიტებმა დამაჯერებელ გამარჯვებებს მიაღწიეს. „ეი თი ენდ თი ცენტრში“ სან ანტონიო „სფერსმა“ ანგარიშით 118-108 დაამარცხა დენვერ „ნაგეტსი“ და სერიაში 2-1 დაწინაურდა. პოპოვიჩის გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა და მატჩის ლოგიკურ გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია. კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა დერეკ უაითმა. „სფერსის“ 24 წლის კალათბურთელმა 36 ქულა გააკეთა. 25 ქულა მიითვალა პირად აქტივში დემარ დე როუზენმა. დენვერის რიგებში საუკეთესო 22 ქულით, რვა მოხსნით და შვიდი პასით, ნიკოლა იოკიჩი იყო. ამ გუნდების მეოთხე დაპირისპირება კვლავ სან ანტონიოში ჩატარდება.

გოლდენ სტეიტ „უორიორსმა“ საკუთარ მოედანზე განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა და ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ გასვლაზე, „სტეიპლზ ცენტრში“ უშანსოდ მოუგო. მოქმედმა ჩემპიონმა 132-105 გაიმარჯვა. ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა კევინ დიურანტს. ოკლენდელთა ერთ-ერთმა ლიდერმა 38 ქულა და შვიდი პასი გააკეთა. ამ წყვილის მეოთხე თამაში ისევ ლოს ანჯელესში შედგება.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ფილადელფიამ უპრობლემოდ მოუგო სტუმრად „ბერკლეის ცენტრში“ ბრუკლინ „ნეტსს“ 131-115 და მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. „სიქსერსი“ 2-1 დაწინაურდა.