„ფართოდ დახუჭული თვალები“ - რუსეთში ბუნდესლიგის ტელერეპორტაჟი უკრაინისადმი სოლიდარობის გამო შეწყვიტეს [ვიდეო] #1TVSPORT

რუსეთში გრძელდება სერიალი „ფართოდ დახუჭული თვალები“ – სხვაგვარად, ძნელია შეფასდეს ის, რაც დორტმუნდის „ბორუსიასა“ და „ლაიფციგის“ მატჩის (1:4) მსვლელობისას რუსულმა საფეხბურთო ტელეარხმა, „მატჩ ტვ“-მ გააკეთა, უფრო სწორედ, აიძულეს, რომ გაეკეთებინა, – ინფორმაციას football24.ua ავრცელებს

საქმე ისაა, რომ უკრაინისადმი გერმანელების სოლიდარობის გამო, არხმა ბუნდესლიგის ტოპ-მატჩის რეპორტაჟი უკვე მე-14 წუთზე დაასრულა, კომენტატორი კი ცდილობდა დამშვიდობება გაეწელა, მაგრამ იძულებული გახადეს, ეს გაეკთებინა და მაყურებელს უცნაური ფრაზით დაემშვიდობა.

„სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, იძულებულები ვართ, რეპორტაჟი შევწყვიტოთ. საყოველთაოდ მიღებულია, რომ ფეხბურთი პოლიტიკისგან დამოუკიდებელია, მაგრამ გერმანულ ბუნდესლიგაში, სამწუხაროდ, ეს წესი ყოველთვის დაცული არ არის. უკაცრავად, ჩვენ ტრანსლაციას ვაჩერებთ“, – განაცხადა კომენტატორმა, მატჩი კი აღარ განახლებულა.

კადრებში რეგულარულად ხვდებოდა წარწერები სარეკლამო ბანერებზე – Stop War („შეაჩერე ომი“) და Sand with Ukraine („დადექი უკრაინასთან“). მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერა, რაც ყველასთვის ჩვეულებრივი ამბავია, რუსეთში პოლიტიკურ ქმედებად მიიჩნევა.