ფარიკაობის დარბაზი განახლდა, ვარჯიშები კი, სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან განახლდება
ფარიკაობის დარბაზი განახლდა, ვარჯიშები კი, სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან განახლდება

ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის განახლებული დარბაზი უსაფრთხოების ნორმებს და ახალ მოთხოვნებს პასუხობს.

განახლდა იატაკი, საშხაპეები და გასახდელები. დარბაზი ვეტერანმა მოფარიკავეებმა 2013 წელს ააშენეს და ახალი თაობების აღსაზრდელად საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას გადასცეს.

დარბაზის გახსნის შემდეგ, ქართულ ფარიკაობაში სერიოზული წინსვლა შეინიშნება. ბევრი ნიჭიერი მოფარიკავე გაიზარდა, რომლებმაც საერთაშორისო შეჯიბრებებზე თავის გამოჩენა მოახერხეს.

„განახლებულ დარბაზი ხელს შეუწყობს სავარჯიშო პროცესების ნორმალურ პირობებში ჩატარებას, ასევე უსაფრთხოების ნორმების დაცვას, რაც დღევანდელ პირობებში აუცილებელია. დარბაზი ჩვენმა სახელოვანმა ვეტერანებმა აგვიშენეს და გადმოგვცეს. ახლა ანგარიშვალდებულები ვართ სახელმწიფოსთან, რადგან დარბაზს ყოველწლიურად განახლება ესაჭიროებოდა. ახლა ეს საკუთარი ხარჯებით ვითავე და გავაკეთე“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მერაბ ბაზაძე.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ მოფარიკავეები ვარჯიშს უახლოეს პერიოდში განაახლებენ: „უკვე ნებადართულია დარბაზში ასაკობრივი ნაკრებების ვარჯიში. ოღონდ უნდა იყოს სადეზინფენქციო საშუალებები და დეზობარიერი, რაც უკვე შევიძინეთ. ასე რომ, ვფიქრობ, დარბაზში ვარჯიშები შემდეგი კვირიდან განახლდება“.