ფარიკაობა | გიორგი ურუშაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო #1TVSPORT
ჰონგ-კონგში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი ურუშაძემ გამოსვლა წარმატებით დაიწყო. ქართველმა სპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში ძალიან გამოცდილი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოფარიკავე, პოლონელი შიმონ ჰრიჩუკი 15:5 დაამარცხა და საუკეთესო 64 მოფარიკავეს შორის მოხვდა.
ურუშაძემ ჯგუფში სამი შეხვედრა მოიგო და პლეიოფში გადაინაცვლა, სადაც კიდევ ორი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი მოფარიკავე 27 ივლისს 1/32-ფინალში გამოვა, ამავე ეტაპიდან დაიწყებს გამოსვლას მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სანდრო ბაზაძეც.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე ასეთია:
სანდრო ბაზაძე (ხმალი), გიორგი ურუშაძე (ხმალი), ალექსანდრე თავართქილაძე (ხმალი), ალექსანდრა კუვაევა (ხმალი), თამილა მურიდოვა (დაშნა).