ფალავანდიშვილი საბერძნეთში ითამაშებს
ფალავანდიშვილი საბერძნეთში ითამაშებს

მცირე ხნის წინ, ბექა ვარშანიძე ლატვიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბ „ვენტსპილსში“ გადავიდა, სადაც მანამდე ოთხი ქართველი ფეხბურთელი ირიცხებოდა – გიგი მჭედლიშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, გუგა ფალავანდიშვილი და გიორგი ერისთავი. მაგრამ ლატვიის ექვსგზის ჩემპიონ გუნდში კვლავ ოთხი ქართველი ითამაშებს, რადგან გუნდი ვარშანიძის პოზიციაზე საყრდენ ნახევარმცველს, გუგა ფალავანდიშვილს დაემშვიდობა. 27 წლის ფეხბურთელი კარიერას საბერძნეთში, სუპერლიგის „ლამიაში“ გააგრძელებს.

ფალავანდიშვილმა ლატვიურ მედიასთან ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ილაპარაკა და „ვენტსპილსს“ გატარებული დროისთვის მადლობა გადაუხადა.

„გუნდის დატოვება ძალიან რთულია და ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. მადლობა კლუბის პრეზიდენტს, რომელმაც გუნდისთვის რთულ დროს ჩემი სურვილი გაიგო. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ პრეზიდენტისა და ფეხბურთელის ურთიერთობა არ ყოფილა. ის ჩემთვის უახლოესი ადამიანია და ყოველთვის მიგებდა. ფულის გამო არ მივდივარ. ამ ეტაპზე სხვანაირად შეუძლებელი იყო. მაგრამ ეს მტკივნეულია, რადგან ოჯახს ვტოვებ, ჩემთვის ძალიან ძვირფას გუნდს. ჩემთვის „ვენტსპილსის“ მაისურით მინდორზე გასვლა დიდი პატივი იყო“, – ამბობს გუგა ფალავანდიშვილი.