„ფაინენშალ თაიმსი“ - 2022 წლის შემდეგ ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი სამჯერ უფრო სწრაფად ვითარდება
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ ევროპაში ზოგიერთი სამხედრო ქარხანა სამჯერ უფრო სწრაფად აფართოებს წარმოებას, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ თანამგზავრის საშუალებით გადაღებული 1000-ზე მეტი ფოტოს ანალიზზე დაყრდნობით წერს.
როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, სურათებზე აღბეჭდილი ობიექტების დაახლოებით მესამედზე შეინიშნება წარმოების გასაზრდელად საჭირო სივრცის გაფართოების ნიშნები ან მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.
„თუ 2020-2021 წლებში მშენებლობის აქტივობა შეინიშნებოდა 790 ათას კვადრდული კილომეტრის ფართობზე, 2024-2025 წელბში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 2,8 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე. საერთო ჯამში, ევროპის სამხედრო ქარხნები ამჟამად მოიცავს შვიდ მილიონ კვადრატულ კილომეტრ ახალ საწარმოო ფართობს, რაც წარმოადგენს ისტორიული მასშტაბის გადაიარაღებას“, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.
გამოცემის ცნობით, ობიექტი, რომელზეც წარმოება ყველაზე მეტად გაფართოვდა, ეკუთვნის გერმანულ სამხედრო კონცერნს, Rheinmetall AG-სა და უნგრულ სახელმწიფო სამხედრო კომპანიას, N7 Holding-ს. მათ ერთობლივად ააშენეს ქარხანა, სადაც 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების წარმოება ხდება.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად გააფართოვა საწარმოო ფართობი BAE Systems-მა უელსში. ამ ქარხანაში 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების წარმოება 16-ჯერ გაიზრდება.
„ფაინენშალ თაიმსთან“ საუბარში თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, რომ ევროპაში საბრძოლო მასალის წლიური წარმოება 2022 წელს დაფიქსირებული 300 ათასიდან 2025 წელს ორ მილიონ ჭურვამდე გაიზარდა, ანუ 6,6-ჯერ.