ფაჩულიას ვაჟის წარმატებული დებიუტი საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებში #1TVSPORT
ფაჩულიას ვაჟის წარმატებული დებიუტი საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებში #1TVSPORT

საქართველოს 2008 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომელიც ქართული კლუბების პერსპექტიული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, ვილნიუსში დაწყებული ევროპის ახალგაზრდული ლიგა ბრწყინვალე გამარჯვებებით გახსნა. ამროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა „საქართველო 2008-მა“ ლიეტუვას დედაქალაქში ორი შეხვედრა გამართა და ჯამში 91 ქულის სხვაობით გაიმარჯვა. ქართველმა 14-წლამდელებმა ლატვიურ გუნდებს – „მარუპეს“ და „იუგლას“ შესაბამისად 90:39 და 70:30 სძლიეს.

ჩვენი გუნდის ყველა წევრმა, რომელიც მოედანზე გავიდა, კარგად ითამაშა, თუმცა იყვნენ გამორჩეულებიც. უპირველესად აღსანიშნავია გუნდის დებიუტანტის, დავით ფაჩულიას შედეგიანობა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში NBA-ის ორგზის ჩემპიონის ზაზა ფაჩულიას შვილია.

დავითმა განსაკუთრებით შედეგიანად მეორე შეხვედრაში, „იუგლას“ წინააღმდეგ ითამაშა, რომელშიც 18 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. 13 წლის ფაჩულიამ 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი აუცდა. ამ შედეგით ის ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ამავე მატჩში 12 ქულითა და 4 ჩაჭრით მათე ხატიაშვილი გამოირჩა, ხოლო გიორგი მუშკუდიანის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.

რაც შეეხება მეორე ლატვიურ გუნდ „მარუპესთან“ შეხვედრას, საერთო სარგებლიანობით საუკეთესო შედეგი  ნიკოლოზ ქურასბედიანმა დააფიქსირა, რომელმაც 12 ქულა სროლის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით მოაგროვა. მათე ხატიაშვილმა 10 ქულა და 4 პასი მიითვალა, ხოლო დავით ფაჩულიას ანგარიშზე 10 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დაფიქსირდა.

საქართველო 2008 მომდევნო მატჩებს 28 დეკემბერს – ვილნიუსი KM-ის პირველ და მეორე გუნდებთან გამართავს. შეხვედრები თბილისის დროით 14:00  და 20:00 საათებზე დაიწყება.