ფაჩულია ძირითადში, დეტროიტმა ბოლო წამზე წააგო (ვიდეო)

საოცრად დაძაბული გამოდგა რეგულარული სეზონის მატჩი დეტროიტ „პისტონსსა“ და საკრამენეტო „კინგზს“” შორის. სტუმართა ლიდერმა ბადი ჰილდმა, საფინალო სირენასთან ერთად, ურთულესი მდგომარეობიდან შესძლო სამქულიანი სროლის გამოყენება და თავის გუნდს 103-101 მოაგებინა. ბაჰამის კუნძულების წარმომადგენელმა ჯამში 35 ქულა მოაგროვა.

ზაზა ფაჩულიამ საკრამენტოელთა წინააღმდეგ ძირითად ხუთეულში დაიწყო. ანდრე დრამონდის არყოფნაში, ქართველ ცენტრს 35 წუთზე მეტი სათამაშო დრო მიეცა. NBA-ს ორგზის ჩემპიონმა 7 ქულა, 12 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

საუკეთესო ორივე გუნდის რიგებში ბლეიკ გრიფინი იყო 38 ქულით.

ზედიზედ ორი მოგების შემდეგ, „პისტონსმა“ დასანანი მარცხი განიცადა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე რჩება. დეტროიტელები საპლეიოფო ზონას ორი მოგებით ჩამორჩებიან. მომდევნო შეხვედრას ლარი დრიუს გუნდი ვაშინგტონ „ვიზარდსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.